პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართული
ოცნება“ მზადაა ესაუბროს ყველა თანამდებობის პირს, რათა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცაგარეიშვილმა განუცხადა, გავრცელებული ხმები, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას აპირებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენთან არ არის დამნაშავე ელემენტების თავშესაფარი, ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ივანე მერაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი გახდება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ყველა თანამდებობის პირთან, რათა სააკაშვილისგან მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება მოხდეს, მათ შორის მოიაზრება მერაბიშვილიც, ვგულისხმობ საუბარს და არა მის კოალიციაში გაწევრიანებას“ - განმარტა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდეს ადამიანი, რომელსაც ბევრი ცუდი ამბავი უკავშირდება.
„დარბეული მიტინგები, მოტაცებული ახალგაზრდები - ეს ყველაფერი ივანე მერაბიშვილმა გააკეთა, მაშინ რა უფლება აქვს მას პრემიერ-მინისტრად იწოდებოდეს“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა.
მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ წარადგინა.

















