ხელისუფლება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს შეუაცხყოფას აყენებს - ამის შესახებ მცხეთაში მიმდინარე აქციაზე კოალიციის ლიდერმა
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მრავალათასიანი აქციებით კარგად გამოჩნდა, როგორი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა ამ აქციების მნიშვნელობა დააკნინოს და გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებს როგორც აქციის ორგანიზატორებს, ისე კოალიციის მხარადამჭერებს.
„სააკაშვილს ისე უნდა წარმოაჩინოს, თითქოს, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები სხვა ქვეყნიდან ვიმართებით. მეტიც, გამუდმებით იმეორებს, ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ბევრი ფული აქვსო. მე არა მაქვს ასეთი წარმოდგენა საკუთარ ხალხზე, მე არ ვაკადრებ ჩემ ხალხს ასეთ შეურაცხოფას. მე მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი კაპიტალი ხალხის ნდობაა, ჩემი განვლილი ცხოვრებაა, რომლითაც არასოდეს მიტრაბახია“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რამდენადაც შეეძლო ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა ხალხს, რაც თავის მოვალეობად მიაჩნდა.
თუმცა, მისი თქმით, იგი დარწმუნდა, რომ მხოლოდ ასეთი დახმარებით ქვეყნის მდგომარეობის შეცვლა ვერ მოხერხდებოდა.
„ჩემი ქვეყნისა და ხალხის გაუსაძლის მდგომარეობას რომ ვხედავდი და ამ ხელისუფლების თავგასულობას ბოლო რომ არ უჩანდა, ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა“- აღნიშნა ივანიშვილმა.

















