კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სტეფანწმინდაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
მან ხალხს პირობა მისცა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში, მაქსიმალურად გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ თქვენ აქ ადამიანურად გეცხოვრებოდეთ. მთა იცლება, ისევე როგორც - მთელი საქართველო. ამას შველა სჭირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებით ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ბედი და ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მთის რეგიონისთვის განსაკუთრებული კანონი უნდა იქნეს შემოღებული.
„აქვეა სასაზღვრო ტერიტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ამაზეც კანონი უნდა შემოვიღოთ. ეს ყველაფერი კი, აუცილებლად მოითხოვს ცენტრიდან ფინანსურ დახმარებას, რასაც ტრანსფერს ეძახიან, მაგრამ ეს არ უნდა განსაზღვროს ვიღაც ჩინოვნიკმა და ერთმა კაცმა. ჩვენ კანონს შევქმნით, რომელიც დაადგენს რამდენი უნდა გადაირიცხოს თითოეული რეგიონისთვის“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივები თავად განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხაჯოს თანხა.
„უნდა მოვახერხოთ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრება. გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყებთ ოცნებების ახდენას, ავაშენებთ ღირსეულ ქვეყანას, ისეთს, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს“- განაცხადა ივანიშვილმა.
მან დღეს გერგეთს სამებაც მოილოცა, ადგილობრივ უხუცესებს შეხვდა და მათგან პრობლემები მოისმინა.

















