ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამართული გამოსაშვები ცერემონიის შემდეგ, დღეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა.
მან ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს.
„იტალიელი რესტავრატორის პროექტი კარგად შევისწავლოთ, ვნახოთ ტაძრის ის დასავლეთ ნაწილი, რაც მანამდეც არ გვქონდა. დანარჩენის რეკონსტრუქცია უნდა დასრულდეს“- აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა, ხალხის სურვილია.
„რათქმაუნდა, რეკონსტრუქცია შეგვიფერხეს დასკვნით, სხვადასხვა ინტრიგებითა და ჩაწყობებით. იმედია, ეს აღარ მოხდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ბაგრატის ტაძარი შევა მსოფლიო კატალოგებში, როგორც რესტავრაციის ნიმუში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ტაძრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაზე უცხოელებთან ერთად, ქართველმა რესტავრატორებმაც უნდა იმუშაონ.

















