არ არსებობს უფრო დიდი პატივი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას სამხედრო ფორმით და იყო მზად თავი გასწირო სამშობლოსთვის - ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიაზე განაცხადა.
„საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორია კვლავ დამყრობელს აქვს ოკუპირებული, მაგრამ ყველა დამპყრობელი დროებითია, ხოლო საქართველო მარადიულია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გაუქმება თავის დროზე ცუდი გადაწყვეტილება იყო და კარგია, რომ იგი აღდგა.
პრეზიდენტმა რამდენიმე კურსდამთავრებულს თავად გადასცა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი - სამხედრო სერტიფიკატი და სამკერდე ნიშანი.
წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 78 კურსდამთავრებული ჰყავს, სულ აკადემიაში 300 სტუდენტი სწავლობს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2 წლის წინ განახლდა და ის სახელმწიფოსგან ფინანსდება.

















