საპარლამენტო უმცირესობის წევრი ეროვნულ-დემოკარტებიდან გურამ ჩახვაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია ახალი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილისა და მინისტრთა ახალი
კაბინეტისადმი დამოკიდებული იქნება სამოქმედო პროგრამაზე, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ხარ, აპრიორი იმის თქმა, რომ მხარს არ დაუჭერ, სწორი არ იქნება“ -განაცხადა ჩახვაძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ პროგრამაში ჩადებული იქნება სოფლის მეურნეობის სფეროს რეალური რეფორმა და დასაქმების პროგრამა, „მაშინ შეიძლება კაცი დაფიქრდეს“.
ამასთანავე, ჩახვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ფიგურა გახდა, რაც პოზიტიურია, რადგან „ოპონირება სწორედ პოლიტიკურ ფიგურას უნდა გაუწიო და არა სამეურნეო მუშაკს ან ტექნიკური საკითხების მომგვარებელ პირს, როგორც ეს აქამდე იყო“.

















