პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო აქცია დღეს მცხეთაში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
კოალიციის ლიდერები ელოდებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების მიუხედავად აქცია მრავალრიცხოვანი იქნება.
ამასთანავე, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რეგიონში უშიშარი ხალხი ცხოვრობს.
„მთიელები მაგარი ხალხია. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვეტყვი მოსახლეობას, აუცილებლად მოდით, რამდენადაც ჩვენი ძირითადი ძალა არის ერთობაში. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და მცხეთაში კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დიდი მუხტი“ - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში სოციალურ ქსელ „Facebook“ -ში.
„ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში 19.00 საათზე დაიწყება. აქციაზე მცხეთა-მთიანეთის მხარეში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დასახელდებიან.

















