აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად კინოთეატრ „აპოლოში“ დოკუმენტური
ფილმის „ჯარა“ პრემიერას დაესწრო. ფილმში კომპანია „EcoFilms“-მა აჭარის მთებში მოგზაურობის შედეგად ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულება აღწერა. გადაღებები აჭარის უნიკალურ მაღალმთიანეთში მაჭახლის ხეობში, ჩირუხის მთაში, მერისსა და სხვა სოფლებში მიმდინარეობდა.
ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მერისის მცხოვრები გივი თურმანიძეა, რომელიც ველურ ბუნებაში თაფლის მოპოვებას ეწევა. თურმანიძეების ოჯახი ფილმის პრემიერას ესწრებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „ჯარა“-ს გადამღებ ჯგუფს რეგიონის ეკოსისტემის ასეთ ფორმატში წარმოჩენისთვის და ხაზი გაუსვა აჭარაში ეკო და სოფლად ტურიზმის განვითარების პოტენციალს. ფილმში ნათლად ჩანს აჭარაში ოთხივე სეზონის უპირატესობა და პერსპექტივები. ჩვენების შემდეგ ოჯახს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ თაფლის გამოსახდელი აპარატი და მეფუტკრის სრული ეკიპირება საჩუქრად გადასცა.
ფილმი ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზეა გადაღებული, რომლებიც ველური გარემოს ნაწილად არიან ქცეულნი. ფილმის მთავარი გმირები მერისელი თურმანიძეების ოჯახთან ერტად ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები წარმოადგენენ. ჯარა არის ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული, აჭარაში მას დათვებისგან უსაფრთხო ადგილას, ტყეში, მაღალ ხეზე ჰკიდებენ.
პროექტის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის საბაზრო სისტემის განვითარებაზე მუშაობს. ფილმის მეშვეობით, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ისეთი თემები, როგორებიცაა სოფლად ტურიზმი, სოფლის განვითარება და მთის მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გონივრული კონსერვაცია და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება.
„ჯარას“ მხარდამჭერები ასევე არიან: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რეგიონში კონსერვაციის მთავარი მხარდამჭერი; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF)გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), KfW განვითარების ბანკის დაფინანსებით, რომელიც აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ეკო-კორიდორებზე მუშაობს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს „ფუტკარა“, თაფლისა და მეფუტკრეობის აღჭურვილობის კერძო კომპანია; ადგილობრივი გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI და ეკო ტურს ჯორჯია, რომელიც ატარებს ეკო ტურებს აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების ველურ ბუნებაში.

















