საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) ძვ.წ. VI ათასწლეულით
დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოებს ახორციელებს.
არქეოლოგიური კვლევის შედეგად აქ აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა.
"აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.
2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები. ტორონტოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამით პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენენ როგორც კანადელი, ისე ქართველი სტუდენტები. პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების - არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია"-აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

















