საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თელავში ხვალ ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის წარმატებული მოსწავლის დავით ალადაშვილის ტურნე გაიხსნება.
პიანისტი აღნიშნული სასწავლებელის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს მასტერკლასს ჩაუტარებს.
დაგეგმილია მასტერკლასები რუსთავის მესამე მუსიკალურ სკოლაში და გორში, ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯში.
ტურნეს ფარგლებში ბათუმის სამუსიკო ცენტრში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსის ტურნე პიანისტის კონცერტით 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში დასრულდება.
დავით ალადაშვილი 1990 წელს თბილისში დაიბადა. 11 წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, სამუსიკო სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრა და სწავლა ჯულიარდის სკოლის წინამოსამზადებელ კოლეჯში გააგრძელა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. იგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზღვარგარეთ წარმატებული, ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს ითვალისწინებს.

















