„თიბისი ბანკის“ კინოპროექტის „20წელი/12თვე“ გამარჯვებულ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს პროფესიულ მასტერკლასს ცნობილი პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ
ზანუსი დღეს ჩაუტარებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ზანუსი საქართველოში სპეციალურად ბანკის მოწვევით ჩამოდის.
რეჟისორი პროექტის 60-ვე მონაწილეს შეხვდება და მათ რეჟისურის ხელოვნებასა და გადაღების მისეულ ტექნიკას გააცნობს.
მასტერკლასი სამი დღის განმავლობაში, 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„20წელი/12 თვე“ – „თიბისი ბანკის“ საიუბილეო პროექტია, რომლის ფარგლებშიც 12 შემოქმედებითი ჯგუფი 12 მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს.
წლის ბოლოს 12 ფილმი ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მის პრემიერას მაყურებელი 17 დეკემბერს, „თიბისი ბანკის“ დაბადების დღეზე ნახავს.
ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეა.

















