თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების გამოვლენამდე 10 დღით ადრე, კანდიდატების „მოკლე ნუსხა“ გამოცხადდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „რედიქსიდან“ აცნობეს, კანდიდატების „მოკლე ნუსხის“ შემადგენლობას ორგანიზატორები დღეს პრესკონფერენციაზე წარადგენენ.
„რედიქსის“ ინფორმაციით, კანდიდატები ნომინაციებში - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი; საუკეთესო მსახიობი ქალი; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი; საუკეთესო მხატვარი და საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი დასახელდებიან.
„მოკლე ნუსხაში“ მოხვედრილი კანდიდატების სია „რედიქსის“ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდება.
განაცხადების მიღების ვადა 30 აპრილს ამოიწურა. სულ 30 განაცხადი შევიდა.
„დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა“ და კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით უკვე მეოთხედ იმართება.
წელს პრემიის ლაურეატები 16 ივნისს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გამოვლინდებიან.

















