ევროპის კვირეულის ფარგლებში, ხვალ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ევროპის კვირეულის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხვალ 15:00 საათზე ალექს პეტერსონის ანგარიშის - „საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.
ავტორი ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს კონფლიქტების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ანგარიში ინტერვიუებსა და სამეცნიერო გამოკვლევებზეა დაფუძნებული. მასში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხის შემცველ სიტუაციებზე დეტალურად არის გამახვილებული ყურადღება.
ხვალვე, 17:00 საათზე სირიის შესახებ დისკუსია გაიმართება, რომელსაც მწერალი და ჟურნალისტი ჯონათან ლიტელი წარადგენს.
19:00 საათზე ასევე, დისკუსია თემაზე - სახელმწიფო მშენებლობა/ინსტიტუციური რეფორმა ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებებს „ევროპის სახლი“ უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში, „თბილისი ფოტოფესტივალი 2012“ გაიმართება.
ფოტოფესტივალის დროს, ეროვნულ მუზეუმში, 14:00 საათზე ამერიკელ ფოტოგრაფ სტენლი გრინთან შეხვედრა შედგება. 20:00 საათზე კი, ეროვნულ გალერეაში გამოფენა „სირია: სარეკომენდაციო წერილები“ გაიმართება, რომელიც 2 ივნისიდან 28 ივლისამდე გასტანს.
ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიება ტრადიციული - „ფოტოგრაფიის ღამე“ იქნება.
ღონისძიება ძველ თბილისში 21.30 საათიდან დილის 3 საათამდე გაგრძელდება და მეიდანს, ბამბის რიგს, შარდენს და გუდიაშვილის ბაღს მოიცავს. ამ ადგილებში 10 ეკრანი დამონტაჟდება და მნახველებს საშუალება ექნებათ თანამედროვე ფოტოგრაფიის საუკეთესო პროდუქციას გაეცნონ.
„ევროპის კვირეული 2012“ თბილისში 29 მაისს გაიხსნა და 4 ივნისამდე გაგრძელდება.
ღონისძიების მიზანი საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით კავშირის გაღრმავებაა.
„ევროპის კვირეული 2012“-ის ძირითადი თემა - „სოციალური ტრანსფორმაციაა“.
კვირეულის ფარგლებში დისკუსიები, ლექციები, გამოფენები და პრეზენტაციებია დაგეგმილი. „ევროპის სახლი“ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ ქართველ აუდიტორიას თავისი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ. მათ შორის ცნობილი ფოტოგრაფები, მწერლები, ამერიკული და ევროპული მედიის წარმომადგენლები იქნებიან.
„ევროპის კვირეულის“ ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის სახლი“.

















