საერთაშორისო ფოტოფესტივალის „Tbilisi Photo Festival 2012“-ის ფარგლებში, დღეს ეროვნულ გალერეაში, ამერიკელი ფოტოჟურნალისტის სტენლი გრინის ფოტოგამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ომის ფოტოგრაფის სახელით ცნობილი სტენლი გრინი თბილისში სერიას სახელწოდებით - „ჩეჩნეთის გზაზე“ 1994-2003 წარმოადგენს.
სერიაში შესული ფოტოები ჩეჩნეთის ორივე ომს ასახავს და ყველა იმ მასალას აერთიანებს, რომელზეც ავტორი 19 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ფოტოგრაფის არქივში დაცული ფოტოდოკუმენტები კავკასიის მასშტაბით პირველად, თბილისში გამოიფინება და მას „Tbilisi Photo Festival 2012“-ის დამთვალირებელი იხილავს.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე დაესწრებიან.

















