„ევროპის კვირეული 2012“ თბილისში დღეს გაიხსნა და 4 ივნისამდე გაგრძელდება.
ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით კავშირის გაღრმავება.
„ევროპის კვირეული 2012“-ის ძირითადი თემა „სოციალური ტრანსფორმაციაა“.
კვირეულის ფარგლებში დისკუსიები, ლექციები, გამოფენები და პრეზენტაციებია დაგეგმილი. „ევროპის სახლი“ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ ქართველ აუდიტორიას თავისი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ. მათ შორის ცნობილი ფოტოგრაფები, მწერლები, ამერიკული და ევროპული მედიის წარმომადგენლები იქნებიან.
ევროპის კვირეულის ფარგლებში თბილისის მესამე ფოტოფესტივალიც ჩატარდება, რომელიც 7 დიდ გამოფენას გააერთიანებს.
„ფოტოფესტივალს ძალიან დიდი გამოფენით ვხსნით, რომელსაც „შავი ზღვის ფერები“ ჰქვია. დღეს გამოფენა ეროვნულ გალერეაში გაიხსნება, რომელიც აერთიანებს თანამდეროვე ფოტოგრაფიის 10 ძალიან ცნობილ ავტორს, მათ შორისაა იური კოზირევი“ - განაცხადა თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ.
მისი თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ამერიკელი ფოტოგრაფის სტენლი გრინის ფოტოგამოფენა - „ჩეჩნეთის გზა“. „ახლ გალერეაში“ ქართველი ფოტოგრაფების ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „დედა ენა“ გაიხსნება.
გამოფენის ფარგლებში მასტერ-კლასები ჩატარდება. საზოგადოებას საშუალება ექნება სტენლი გრინს და ფრანგული ფოტოსააგენტო „მიუპის“ წარმომადგენლებს შეხვდეს.
ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიება ტრადიციული „ფოტოგრაფიის ღამე“ იქნება, რომელიც ძველ თბილისში 2 ივნისს 21.30 საათიდან დილის 3 საათამდე გაგრძელდება და მოიცავს მეიდანს, ბამბის რიგს, შარდენს და გუდიაშვილის ბაღს. ამ ადგილებში 10 ეკრანი დამონტაჟდება და მნახველებს საშუალება ექნებათ თანამედროვე ფოტოგრაფიის საუკეთესო პროდუქციას გაეცნონ.
„ევროპის კვირეულის“ ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის სახლი“.

















