საქართველოს საგუნდო მუსიკის ფესტივალი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება.
ფესტივალი წელს მეორედ იმართება და მისი ინიციატორი საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრია.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის პირველ კონცერტში, დღეს აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის სტუმრები ხვალ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გუნდებს და რუსთავის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „ფიროსმანს“ მოუსმენენ.
ფესტივალის ფარგლებში, 10 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ბათუმის სახელმწიფო კაპელა წარსდგება.
ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საზეიმოდ დაიხურება, სადაც მონაწილე გუნდები, სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ორატორიას „რუსთაველის ნაკვალევზე“ შეასრულებენ.

















