საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივით, 7 მაისს საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნება.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალში საქართველოში არსებული აკადემიური გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების პირველ დღეს კონცერტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. მასში მონაწილეობას აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი მიიღებენ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება 8 მაისს დაგეგმილი კონცერტიც. კონცერტზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გუნდები, ასევე რუსთავის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი“ გამოვა.
ფესტივალის ფარგლებში, 10 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე, ბათუმის სახელმწიფო კაპელა წარსდგება.
ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საზეიმოდ დაიხურება, სადაც მონაწილე გუნდები ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ორატორიას „რუსთაველის ნაკვალევზე“ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ.

















