მიმდინარე წელს, კანის კინოფესტივალზე პროდიუსერთა პროგრამაში სახელწოდებით - „PRODUCERS ON THE MOVE“ ქართველი კინოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე ვლადიმერ კაჭარავას მონაწილეობის საკითხი ორგანიზაცია „ევროპული კინოს პოპულარიზაციისა“ (European Film Promotion) და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა.
პროგრამა EFP 2000 წლიდან ხორციელდება, რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში ევროპელი პროდიუსერების მხარდაჭერას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი პროექტები კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, დამფინანსებლებს და გაყიდვების აგენტებს გააცნონ.
EFP 33 ევროპული ქვეყნისთვის ხელშეწყობის და ექსპორტის ორგანიზაციების ქსელია. ის 1997 წელს დაარსდა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალი იდეებისა და ურთიერთობების შედეგად მეტი კინოპროფესიონალისა და ორგანიზაციის დაკავშირებაა.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი European Film Promotion-ის წევრი 2012 წლის იანვარში გახდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართული კინოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

















