ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ და კინოსტუდია „ქართული ფილმი“, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ქართული ფილმების კრებულს“ გამოუშვებენ.
ძველი ქართული ფილმების განადგურებისგან დასაცავად, პროექტის ფარგლებში მათი ციფრულ ფორმატში გადატანა მოხდება.
2012 წლის აპრილში პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინე“ ციფრულ ფორმატში გადაიტანეს. ციფრულ ფორმატში გადატანილი ყველა ფილმი ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ დაერთვება თან.
როგორც ავტორებმა განაცხადეს, საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაეცნოს ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.
პროექტის პრეზენტაცია 27 აპრილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც მსურველებს ღია ცის ქვეშ „ქრისტინეს“ ნახვის საშუალება ექნებათ.
პროექტის სპონსორები „თიბისი“ ბანკი და „ავერსი“ არიან.

















