საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის, სომხეთისა და ყაზახეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ამ ქვეყნების ხელოვნების დარგის პრობლემებზე ისაუბრეს დღეს ვიდეო-ხიდის
მსვლელობისას.
ვიდეო-ხიდში თბილისიდან სახალხო არტისტი, მომღერალი ირმა სოხაძე და პუბლიცისტი რობერტ ავადიაევი მონაწილეობდნენ.
ვიდეო-ხიდზე სამი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა - ხელოვნების სფეროში თანხების ნაკლებობა, კულტურის მოღვაწეთა ინტელექტუალური რესურსის ამოწურვის ტენდენცია და ბავშვების აღზრდის პროცესში ხელოვნების როლისადმი ნაკლები ინტერესი.
ავადიაევმა საუბრისას კულტურის სფეროში თანხების აქტიურად მობილიზების საკითხი წამოჭრა.
"ძველად ეკლესიებში ერთი კანონი მოქმედებდა - მდიდარ მოქალაქეებს მის ფონდში სხვადასხვა საჭიროებსთვის ფული უნდა ჩაედოთ. დღესაც, ასე უნდა იყოს. ბიზნესმენებმა გადასახადების გარდა, გარკვეული თანხა კულტურის სფეროს დასაფინანსებლადაც უნდა გაიღონ" - განაცხადა მან.
სოხაძის განმარტებით კი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კულტურის სფეროს პოლიტიზირებაა. მისი თქმით, ხალხებს შორის ურთიერთობების გაწყვეტა ხელოვნურად ხდება.
"პოლიტიკოსებმა კულტურის მოღვაწეთა ხელოვნურად გათიშვას თავი უნდა დაანებონ, ისინი ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობას ხელს უშლიან" - განუცხადა სოხაძემ "ნიუსპრესს".
თბილისს, მოსკოვს, ასტანას, ერევანსა და კიშინოვს შორის გამართული ვიდეო-ხიდი "კულტურათა შორის დიალოგი ზიანისა და კონფლიქტების გარეშე"კულტურის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

















