საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის - გულანის რესტავრაცია დღეს იწყება.
საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული გულანი შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით, ასოები - ასომთავრულით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები - სინგურით.
იგი 707 ფურცლისა და 12 მინიატურისგან შედგება.
როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, ხელნაწერი არქივში 1923 წელს შიო მღვიმის მონასტრიდან შევიდა და იგი 10 ნაწილიგან შედგება - მარხვანი, საცისკრო სახარებანი, სადღესასწაულო, პარაკლიტონი (რვა ხმათა საგალობელი), ზატიკის (საგალობელთა წიგნი აღდგომიდან სულთმოფენობამდე) ნაწყვეტი და სხვა.
ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ გულანი მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული საუფლო დღესასწაულების სცენებით, აგრეთვე, წმინდანთა გამოსახულებებითაა შემკული. თითოეული მინიატურა კი - იმდენად გამორჩეულია, რომ ეროვნულმა არქივმა მათი გამოყენებით ღია ბარათები გამოსცა.
ხელნაწერის მინაწერიდან ირკვევა, რომ იგი ლევან I დადიანს (1533-1572) ეკუთვნოდა და მისივე შეკვეთით სასულიერო პირს - გაბრიელს გადაუწერია.
წიგნს ახლავს გვიანი ხანის რამდენიმე მინაწერიც, საიდანაც ჩანს, რომ გულანი კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორს შეუწირავს შიო მღვიმის მონასტრისათვის, რომელიც განახლებულა 1890 წლის 27 იანვარს მონასტრის მორჩილის გიორგი გოგიბერაშვილის მიერ.
ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ რესტავრაციის ლაბორატორიაში ხელნაწერის თითოეული ფურცლის რესტავრაცია-კონსერვაცია იგეგმება, ფურცლები გაიწმინდება და გამაგრდება ნაწერი, მინიატურების აღდგენაზე კი ფერწერის რესტავრატორი იმუშავებს.
ხელნაწერის რესტავრაციას, სავარაუდოდ, 1 წელი დასჭირდება.

















