საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ხვალ გორში სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გარდაქმნის ინიციატივას წარადგენს.
კულტურისა სამინისტროს ცნობით, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მკვლევართა მხარდაჭერით, სტალინის სახელობის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გარდაიქმნება, რომელიც მნახველს სტალინიზმის პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს. მისი განხორციელებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვა კი, როგორც ქართული ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციებიდან მოხდება.
გორში დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები დაესწრებიან.
მუზეუმი გორში, იოსებ სტალინის სახელის უკვდავსაყოფად, ლავრენტი ბერიას ინიციატივით 1937 წელს გაიხსნა.

















