ქართული ნაციონალური ბალეტის დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის 105-ე წლის იუბილე ხვალ გორში აღინიშნება.
როგორც "ნიუსპრესს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, იუბილეს აღსანიშნავად გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართება.
ილიკო სუხიშვილი 1907 წლის 4 აპრილს გორის რაიონში დაიბადა.
მან მეუღლესთან ნინო რამიშვილთან ერთად, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი დააარსა, აღადგინა და დადგა არაერთი ცეკვა.
ილიკო სუხიშვილი ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში ღვაწლისა და ეროვნული კულტურის პროპაგანდისთვის მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.
ილიკო სუხიშვილი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

















