პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს გალა კონცერტით დასრულდება.
კონცერტში ნინო ანანიაშვილთან ერთად ამერიკის ბალეტის თეატრის, მოსკოვის დიდი თეატრის, ესპანეთის, ჩინეთის, ინგლისის ცნობილი საბალეტო დასების სოლისტები და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი მათგანი პრიმა-ბალერინას სხვადასხვა დროს პარტნიორობასაც უწევდა.
ღონისძიებაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და სიმფონიური ორკესტრიც მონაწილეობს. გალა-კონცერტს მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს.
ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები 14 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პრიმა-ბალერინას სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენით გაიხსნა.
დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

















