ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და "საქართველოს ახალგაზრდობის სახლს" შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მეცნიერების სფეროებში ითანამშრომლებენ. ისინი კავკასიური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს მოაწყობენ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სასახლის სარკეებიან დარბაზში გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის 12 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი.
გარდა ამისა, სასახლის სარკეებიან დარბაზში ქართველი ეთნოგრაფის ასმათ საღირიძის თოჯინები გამოიფინა.
თბილისში "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღეების" ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. მისი მიზანია, "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის" აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდეს.

















