საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა
საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარუდგინა. ამ ეტაპზე გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცათ.
რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს.
ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 2021 წლის 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ კულტურის სამინისტროში 253 განაცხადი შევიდა, საიდანაც გასაუბრება 63-მა კანდიდატმა გაიარა. წარმატებული ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება. ასევე, გრძელდება კანდიდატებთან გასაუბრება და სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ მათგანს გაესაუბრება.
ინფორმაციისთვის, ოსტატების რეესტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით შეიქმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება. სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.
ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებს გაესაუბრა პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია შემდეგი შემადგენლობით: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მისრიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი), ლაშა შარტავა (არქიტექტორი).