ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური არქეოლოგიური ექსპედიციის
კვიპროსზე მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელიც კვიპროსზე 2016 წლიდან მუშაობს, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა.
სოფელ სოფტადესში ნაპოვნი ნაეკლესიარი ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირეტორის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII - VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.
„ფოტოგამოფენა გაკეთდა იმისათვის, რათა საზოგადოებამ, უნივერსიტეტმა და რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი სამუშაოები კვიპროსზე, თვალნათლივ ნახოს ის შედეგები, რაც მოპოვებული არის ამ სამუშაოების დროს. ლითონის ნივთები და ენკალპიონები, რომელიც არაჩვეულებრივი აღმოჩენა გახლავთ, ამჟამად გადაცემულია ნიქოზის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ქიმიურ ლაბორატორიაში სადაც ის მუშავდება. ჩვენ გვაქვს უკვე შეთანხმება კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტთან იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს, როგორც კი პანდემიის პრობლემები მოიხსნება ჩვენს მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალიდან ექსპონატები თსუ საგამოფენო დარბაზში გამოიფინება,“- განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.
კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტი კვიპროსული წარწერების კატალოგში შეიტანა.
გამოფენას თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„თსუ მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ექპედიციის შრომას. საუბარია მრავალ არქეოლოგიურ აღმოჩენაზე. რუსთაველის ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ხელშეწყობით ჩვენი ექპედიცია 2016 წლიდან მუშაობს კვიპროსზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთ გამოფენას ვუმასპინძლებთ, რომელიც არა ფოტოს, არამედ უკვე მატერიალური სახით იქნება წარმოდგენილი,“- აღნიშნა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, თსუ ექსპედიცია პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში.
„სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევით მიმართულებას. დღევანდელი გამოფენაც სწორედ ამ მიმართულების გახლავთ და ეძღვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ კულტურული მემკვიდრეობის აღწერას. იმედი გვაქვს, რომ კვიპროსზე მცხოვრები იბერების შესახებ სწორი ინფორმაცია და მესიჯები იქნება მიტანი მომავალი თაობებთან,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
„კვიპროსის ქართული სიძველეების კვლევა, უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელსაც წმინდა მეცნიერული ღირებულების გარდა, ძალიან დიდი საზოგადოებრივი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც გააჩნია. ეს ვლინდება იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფილიოს პოლიტიკურ რუკაზე, ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს კულტურულ რუკაზეც. ამ პროექტით, მისი შედეგებით საქართველო ერთხელ კიდევ აცხადებს და უდასტურებს მსოფლიოს, რომ იგი ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი იყო, ჯერ კიდევ, უხსოვარი დროიდან, ახლაც ორგანული ნაწილია და მომავალშიც მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს განვითარებას,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა კუნძულ კვიპროსზე ექსპედიცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტისა და ლარნაკას არეოლოგიური მუზეუმის მხარდაჭერით 2016-2017 წლებში დაიწყო.