"ვმუშაობთ „კულტურის კოდექსზე", რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და
ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს დაეფუძნება" - პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სრულად დაცვის მიზნით, საქმეში ჩაერთვებიან ევროპელი უმაღლესი კლასის სპეციალისტები.
„ასევე გეტყვით, რომ გაიზარდა კულტურის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, შშმ პირთათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე.
„საანგარიშო პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 200, მათ შორის, 65 ოქროს მედალი მოიპოვეს, მადლობა მათ.
ჩვენმა ქვეყანამ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე.
2022 წელს თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიიღებს, 2023 წელს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატს, 2025 წელს კი - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ.
ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით აშენდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები ბოლო წლებში. ოლიმპიური სასახლე, ტანვარჯიშის და ფრენბურთის არენები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ბათუმის სტადიონი და სპორტის სასახლე, არაერთი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი მზად არის დიდი საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
აქტიურად ვემზადებით ტოკიოს ოლიმპიადისთვის და მინდა თქვენთან ერთად წარმატება ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.