საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართა.
თეა წულუკიანმა თეატრის შენობა დაათვალიერა, ხელმძღვანელობისგან თეატრის საქმიანობისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. როგორც გაირკვა, თეატრის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახანძრო სისტემის გაუმართაობა, რაც თეატრის შენობის წინ სავაჭრო ცენტრის აშენებამ გამოიწვია და რის შედეგადაც თეატრში არსებული სახანძრო სისტემა მოიშალა. ამასთან, თეატრის შენობა არ არის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული, რაც თეატრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ასევე დიდი გამოწვევაა. თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერა აღუთქვა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სამინისტროს გააჩნია.