საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართა.
თეა წულუკიანმა დაათვალიერა მუზეუმის შენობა, რომელიც მეზობლად მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, მინისტრი გაეცნო მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური მასალების (ხელნაწერები, ფოტოები, მემორიალური ნივთები) მიხედვით გამოცემულ წიგნებს. თეა წულუკიანმა მუზეუმს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
„პირველ რიგში, სწორედ ინფრასტრუქტურის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ის უნიკალური ფონდები, ხელნაწერი იქნება ეს, ფოტო თუ სხვა მასალა, რომელსაც ეს მუზეუმი მრავალი წელია უვლის და ინახავს, იყოს გამოფენილი, იყოს ხელმისაწვდომი და ჰქონდეს ამას არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებაც. ინფრასტრუქტურის გაუმართაობის მიუხედავად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ბიუჯეტის გადასინჯვაზე იმისათვის, რომ უფრო მეტი ახალი ექსპონატი შევიდეს მუზეუმში. ასევე, მოხდეს იმ ექსპონატების სრულფასოვანი კვლევა, რომლებიც უკვე არის დაცული ფონდებში, რათა უფრო მეტი გამოცემა შევძინოთ ქართულ წიგნის ბაზარს, ვინაიდან, ამ კვლევებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მომავალში გვყავდეს განათლებული თაობები,"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.