საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ
კახა სიხარულიძემ შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ბერტ სხოფსთან.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო 2023 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალიაზე" საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებს. კახა სიხარულიძემ ელჩს ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფესტივალზე საქართველო წარდგეს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კულტურული პროგრამით და ქვეყანა ევროპამ იმ თანამედროვე კულტურული მიღწევებითაც გაიცნოს, რაც ჯერ არ არის ფართო აუდიტორიებისთვის ცნობილი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
კახა სიხარულიძემ ბერტ სხოფსს სამინისტროს ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით, მათ შორის მუზეუმებისა და თეატრების მენეჯმენტში განსახორციელებელ რეფორმებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროს გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება ბელგიის გამოცდილების გაზიარება, კერძოდ, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით და ელჩს ამ კუთხით თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულებამდე, მინისტრის პირველ მოადგილეს პირადად გაუზიარებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც დაეხმარება სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ახალი პოლიტიკის შემუშავებაში.