საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სახელოვნებო
განათლებაში გასატარებელ რეფორმაზე იმსჯელეს. მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელმძღვანელობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმა უნდა ჩატარდეს იმ მიმართულებით, რომ სახელოვნებო სასწავლებლებმა უნდა გამოუშვან ისეთი კადრები, რომელთა საჭიროება შესაბამის სფეროებში არის. მათ შორის, უნდა აღდგეს ისეთი პროფესიები, რომლებისთვისაც ამ ეტაპზე უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებში სასწავლო პროგრამები არ არსებობს, თუმცა ქვეყანაში არის ამ პროფესიების დეფიციტი. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააკეთონ გათვლები უმაღლესმა სახელოვნებო სასწავლებლებმა და სამინისტროს წარუდგინონ ხედვა, თუ როგორ აპირებენ მათ სფეროში რეფორმის გატარებას.
თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტროში, მისი შექმნის დღიდან დაიწყო მუშაობა სახელოვნებო განათლებაში გასატარებელ რეფორმაზე და ამ პროცესს სათავეში უნდა ჩაუდგეს ის სამი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სამინისტროს სისტემაში მოქმედებს. მინისტრის განცხადებით, ამ სასწავლებლების ვალდებულებაა, გამოუშვან ისეთი კადრები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მაღალი ხარისხით დასაცავად, რომლებიც სჭირდება, კინოს, თეატრს და ა.შ.
„ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ინვესტიცია (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი) ჩავდოთ თითოეულ სტუდენტში და არ ვიყოთ ორიენტირებული რაოდენობაზე, არამედ აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე, რათა ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულებმა იცოდნენ, რომ დასაქმდებიან და თავიანთ კარიერას სწორედ ამ სფეროში თავისი შეხედულებისამებრ თავისუფლად ააწყობენ",- განაცხადა თეა წულუკიანმა.