საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და
მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს სამინისტროში შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე ისაუბრა ბოლნისის მუნიციპალეტეტში გერმანელების ისტორიული დასახლებების შესახებ, სადაც რამდენიმე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი თქმით, გერმანული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მოხდეს მოცემულ რაიონში რამდენიმე სახლის რეაბილიტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამგვარ პროექტს გერმანული მხარე განახორციელებს, კარგი იქნება, თუკი გერმანელ გამოცდილ რესტავრატორებთან ერთად პროცესში ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, რომლებისთვისაც ეს გამოცდილების მიღების კარგი საშუალება იქნება.
ჰუბერტ ქნირში ასევე შეეხო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასა და იუნესკოს გადაწყვეტილებით თბილისის 2021 წლის წიგნის დედაქალაქად დასახელების საკითხს.