საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და
მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და Covid-19-ის პანდემიის პირობებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
მინისტრმა ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა არაერთი მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
თეა წულუკიანმა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე თბილისისა და რეგიონების მუზეუმებში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში იტალიელი ექსპერტების მიერ გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ძეგლთა დაცვის გაძლიერების კუთხით, დაგეგმილია ოსტატების რეესტრისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნა, რომელიც გააერთიანებს პროფესიონალებს და მხოლოდ მათ ექნებათ ნებართვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის პროცესებში ჩაერთონ. მინისტრმა ამ მიმართულებით იტალიელი კოლეგების როლზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში სამინისტროს მიერ იუნესკოს ეგიდით მოწვეული ექსპერტების საკითხიც, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არიან და საელჩოს ჩართულობა მათი საქართველოში ვიზიტისას მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
იტალიის ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მან ასევე ისაუბრა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის დანტე ალიგიერის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოსაწყობ ღონისძიებებზე, სამეცნიერო სიმპოზიუმის გამართვაზე, ერთობლივი გამოფენების ჩატარებასა და არქეოლოგიური მისიების გაგრძელებაზე.