საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ
ჩრდილების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს „აფხაზეთი" ესტუმრა და მის სულისჩამდგმელთან გელა კანდელაკთან და მსახიობებთან გამართა შეხვედრა რუსთაველის თეატრის შენობაში, სადაც თეატრი, შენობის საკითხის მოგვარებამდე აგრძელებს მუშაობას.
მინისტრმა თეატრის ხელმძღვანელობასა და დასის წევრებს, შენობის არქონის გამო მძიმე სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, სხვადასხვა პერიოდში ფესტივალებსა და რეგიონულ ტურნეებში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს.
თავის მხრივ, დასის წევრებმა მინისტრს თეატრის სამომავლო გეგმებზე და იმ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც თეატრის წინაშე მწვავედ დგას.
ჩრდილების თეატრი 1982 წელს თბილისში შეიქმნა და მისი ჩამოყალიბების იდეა რეჟისორ გელა კანდელაკს ეკუთვნის. დასი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. 2010 წლიდან თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ პერიოდიდან დასი სპექტაკლებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მართავს.
„ამ თეატრის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება" - განაცხადა თეა წულუკიანმა.