პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე პლენარულ სხდომაზე კულტურის სამინისტროს
გამოყოფისა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნის საკითხს გამოეხმაურა:
„უამრავი შემოქმედის, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა, მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის. აღარ ვილაპარაკებ იმ ურთულეს პრობლემებზე, რომლის წინაშეც კულტურა და კულტურის წარმომადგენლები დადგნენ პანდემიის პერიოდში, რამდენი რამ იყო და არის გასაკეთებელი მომავალში ამ სფეროსთვის და არამხოლოდ პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში", -განაცხადა ქეთევან დუმბაძემ. მისი თქმით, კულტურა ერის ღირსებაა.
„ყოველთვის ასე ითვლებოდა საქართველოში და ასეა ახლაც. ისეთი ერისთვის, რომელიც ასე თვლის, კულტურული რყევები ან სტაგნაცია ყველა ბუნებრივ სტიქიაზე საშიშია. საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს ამის სახელმწიფოებრივ დონეზე აღიარებას, რადგან მიაჩნია, რომ კულტურაზე დგას საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობა, რითაც შეუძლია დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგობრობაში", -განაცხადა ქეთევან დუმბაძემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ მსოფლიო კულტურასთან შერწყმა, მსოფლიო კულტურულ რუკაზე დამკვიდრების წინაპირობაა.
კულტურა საგარეო პოლიტიკის საძირკველიაო, ასე თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა და, რა თქმა უნდა, არ ცდებოდა. დღეს ეს განსაზღვრება ყველაზე აქტუალურად ჟღერს და მინდა მჯეროდეს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კულტურა პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს. არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებების და აგრესია კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, კულტურის კრიზისის შედეგია შეურიგებლობა და აგრესია. და თუ დავეთანხმებით ამ აზრს, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში",- აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. „იმედი მაქვს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ამ აზრს გაფანტავს. და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა, მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოვუწოდო კულტურის სტიმულირებისკენ, მივმართო პარლამენტს და ვთხოვო ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას, ისე ელის კულტურის სფერო. იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება. დიდი მადლობა იმ ორწლიანი ოცნებისთვის, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ და დღეიდან კულტურის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება ისევ", -განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.