ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი დღეს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში, სპექტაკლს
- „სიზმრები სინანულისანი“ წარმოადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიაუნიდან აცნობეს, სპექტაკლი მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი პიესის „ივან ვასილის-ძის“ მიხედვით დაიდგა.
„სიზმრები სინანულისანი“ კომედიაა. მთავარი გმირი გამომგონებელი მიხეილ გორგაძე დროის მანქანას ქმნის, რომლის მეშვეობითაც სახლმმართველი დავით ყივჩაშვილი და ქურდი ზაალ ციციშვილი შემთხვევით მე-12 საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხვდებიან, ხოლო საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი თანამედროვე თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდება.
სპექტაკლში ცნობილ მსახიობებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები თამაშობენ. სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასზე როგორც ქართულ ასევე, უცხოურ პროგრამას წარმოადგენენ.

















