თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს საზეიმოდ მთაწმინდის პარკში, 19:30 საათზე გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ მარჯანიშვილის თეატრის პრესსამსახურში განუცხადეს, ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში საზეიმო მიღება გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში პირველი თეატრალური წარმოდგენა 16 სექტემბერს 13:00 საათზე, რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება.
თეატრალურ ფესტივალზე 16-18 სექტემბერს ქართული სპექტაქლების პროგრამას წარადგენენ, საერთაშორისო პროგრამის ჩვენება კი, 19-30 სექტემბერს გაიმართება. 1-4 ოქტომბერს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის თემურ ჩხეიძის ვორქშოფი ჩატარდება.
ფესტივალში შვედეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსიის, გერმანიის, ისრაელის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ლიტვისა და აზერბაიჯანის თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის მიერ 2009 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი მსოფლიო კულტურული და ინტელექტუალური თვალსაზრისით, ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაა.

















