„თიბისი ბანკის“ კინოპროექტის ფარგლებში, ხვალ ფილმის გადაღებები განახლდება. როგორც „ნიუსპრესს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, ფილმის
ავტორი და რეჟისორი სანდრო ჯანდიერი, ოპერატორი კობა შველიძე, მხატვარი სიმონ მაჩაბელი არიან, ხოლო ფილმში ზაზა ბერაძე, ნია გრძელიძე, თენგიზ პაპაიძე მონაწილეობენ. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელია ნანა ჯანელიძე.
ფილმი 19 წლის ახალგაზრდა ბიჭზე - ზაზოზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობრებთან ერთად, ზღვაზე გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ბრუნდება. ღამის მატარებლის კუპეში ის მასზე რამდენიმე წლით უფროს გოგონა - ლულას გაიცნობს.
საუბრისას ირკვევა, რომ ლულა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დაწყებას აპირებს. ზაზო ლულას მოგზაურობის იდეით აღტაცებულია. დილით კუპეში გაღვიძებულ ზაზოს ლულა აღარ ხვდება.
ის თავისი ახალი მეგობრის ძიებას იწყებს და გადაწყვეტს, მოგზაურობის იდეა სისრულეში თავად მოიყვანოს. ფილმის ფინალში აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდული და სათავგადასავლო ფანტაზიის განხორციელება არც ისე ადვილია.
გადაღებები თიბისი ბანკის პროექტის „20წელი/12თვე“ ფარგლებში, მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებმა 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი უკვე გადაიღეს.
წლის ბოლოს 12 ფილმი ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი „თიბისი ბანკის“ დაბადების დღეზე - 17 დეკემბერს იხილავს.

















