მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ფოტოგამოფენა „ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნება,
რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე ხახულის კარედის, ანჩისხატის, ბედიის ბარძიმის, წილკნის ღვთისმშობლის ხატისა და სხვა საგანძურების ფოტოასლებს წარადგენენ.
ღონისძიებას საპატრიარქოს, ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრებიან.
გამოფენა მცხეთაში 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ქართულ საგანძურს გაეცნონ. გამოფენის კურატორები 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს ჩაატარებენ.
მცხეთიდან გამოფენა სტეფანწმინდაში გადაინაცვლებს და მთლიანობაში 15 ქალაქს მოივლის. გამოფენა 2013 წლის 1 ივნისს დაიხურება.
გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი არიან.

















