კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ხვალ
გამოფენა „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა„ გაიხსნება.
წელს მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ამ თარიღს იუნესკო საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნავს. ამავე წელს შესრულდა ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 155 წელიც. მარჯორი და ოლივერ უორდროპების დიპლომატიური თუ ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდია.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ეს ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოვლენილი, გამუდმებით მიმდინარეობს ახალი მასალის აღმოჩენა და კვლევა.
ქართული საზოგადოება გარკვეულწილად იცნობს მარჯორი უორდროპს, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისი პირადი წერილები არაერთ სიახლეს სთავაზობს, როგორც პროფესიულ, ისე საქართველოს წარსულითა და ლიტერატურით დაინტერესებულ საზოგადოებას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უორდროპების წერილობითი მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო და პერიოდული მასალა, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილეს, ექვთიმე თაყაიშვილს, კორნელი კეკელიძეს, ვასილ კარბელაშვილს და სხვებს; ის უნიკალური ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც საქართველოზე შეყვარებული და-ძმა მოხიბლეს თავისი ფორმითა თუ შინაარსით და მათ თარგმნეს ინგლისურად, რათა დასავლური სამყაროსათვის წარედგინათ ამ შედევრების შემქმნელი კულტურა: „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე უნიკალური ნუსხა, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „ქილილა და დამანა“.
გამოფენა 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო ნაწილს, კერძოდ, სალექციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის.
ღონისძებას დაესწრება დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, სამეცნიერო წრის წარმომადგელები და სხვა დაინტერესებული პირები.

















