დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგება.
კულტურის სამინისტროსა და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პეტრე ოცხელის კონკურსის ნომინაციები, პირობები და პროცედურები გამოცხადდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან. პრემიის საკონკურსო პირობებს კი, დამსწრე საზოგადოებას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის დირექტორი ნინო გედევანიშვილი გააცნობს.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან მხატვარს შეეძლება.
კონკურსი სამ ეტაპად განხორციელდება. გამარჯვებული ფინალისტებისთვის გათვალისწინებულია ფულადი პრემია - წლის საუკეთესო მხატვარი - 5 000 ლარი, წლის აღმოჩენა - 3 000 ლარი და წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი - 3 000 ლარი.
პეტრე ოცხელის პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით, 13 ივლისს პეტრე ოცხელის 105 წლის იუბილეზე დაწესდა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვრის რეტროსპექტული ექსპოზიციით აღინიშნა.

















