მომდევნო, 2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს
გადაიბარებს და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ნატა ლომოური, რომელიც მიიჩნევს, რომ თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადება არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ლიტერატურის მიმართულებით.
ნატა ლომოური - მწერალთა სახლის დირექტორი:
„ქართული ლიტერატურა საერთაშორისო სცენიდან არ ჩამოდის - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით დაწყებული, იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის დედაქალაქად გამოცხადებით გაგრძელებული. გარდა ამისა, 2022 წელს ევროპაში უდიდესი ფესტივალი „ევროპალია“ ჩატარდება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ასევე ვმუშაობთ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის წარმოჩინებაზეც. ეს ქართული ლიტერატურული ღონისძიებების საინტერესო, დიდი და უწყვეტი ჯაჭვი იქნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლი ამ პროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ დაგეგმილი ღონისძიებები - მათ შორის, ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც საერთაშორისოა და წელს მეხუთედ ჩატარდა. ვგეგმავთ სარეზიდენციო პროგრამების გაფართოებას უცხოელ მწერლებთან ერთად და ბევრ სხვა საგანმანათლებლო პროექტს სკოლებში. თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადება არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. “
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და, ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

















