საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, 15-31 აგვისტოს ფოთში ახალი ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მალთაყვის ტყე-პარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია „Artactive Evolution“ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას პარკის ახალი - ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფციას წარუდგენს.
პრესკონფერენციის მონაწილეები ფესტივალის მიზნებსა და იმ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრებენ, რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე იხილავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე-პარკში ერთდროულად ხელოვნების რამდენიმე ახალი ობიექტი შეიქმნება. ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება.
ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე-პარკში 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან.
„ხელოვნების პარკი“ 1 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

















