ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მოგეხსენებათ, რეგიონული განვითარება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველოში ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. ინკლუზიური ზრდისთვის საუკეთესო სექტორი ტურიზმია.
ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ონში აშენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი" - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის ცნობით, მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე.

















