კინოთეატრ „რუსთაველში“ დღეს იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, იაპონიის საელჩო საქართველოში მთელი წლის განმავლობაში კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს, იაპონური კინოს ფესტივალი კინოთეატრ „რუსთაველში“ 3-დან 5 აგვისტომდე, წელს უკვე მეორედ ჩატარდება.
ფესტივალი 19:00 საათზე გაიხსნება. დღესვე, ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „მოგზაურობა ჰარუსთან ერთად“, რომელიც მიაგის პრეფექტურაშია გადაღებული, სადაც 2011 წლის 11 მარტს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას და ფილმის ჩვენებას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრება.
4 და 5 აგვისტოს წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმი „კვარტეტი“, რომლის გადაღებაც იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დასრულებული არ იყო.
ყველა ფილმს ექნება იაპონურ ენაზე თანდართული ქართული და ინგლისური სუბტიტრები, დასწრება კი, თავისუფალია.

















