საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში,
როლანდ ბერიძემ ქუვეითის ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენის ,,Handicrafts in Europe Region-World Crafts Council’’ გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს მოწვევით გაიმართა.
ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელნაკეთი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ხელოვანთა ნამუშევრები ევროპის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო საბჭოს მიერ შეირჩა, რომელთა შორის ცნობილი ქართველი ტექსტილის დიზაინერის, ეკა ხუნწარიას ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი უნიკალური ნამუშევრები იქნა გამოფენილი.
გახსნის ცერემონიალში ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალი ალ-იოჰამ მიიღო მონაწილეობა.ასევე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო საბჭოს ევროპის პრეზიდენტმა ლუიზ ალენმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ღონისძიებას ქართული დიასპორის, ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















