საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ხვალ ბათუმში, „აჭარის ხელოვნების მუზეუმში“ თანამედროვე
მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირია.
თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციაში მონაწილეობას 50-ზე მეტი მხატვარი მიიღებს. ხვალვე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 5 მხატვრს დააჯილდოვებენ. ასევე, მოეწყობა სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც საგანგებოდ მხატვრებისთვის დაიწერა.
გამოფენა ბათუმში 5 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი, ქუთაისში გადაინაცვლებს. კოლექციას ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრებიც დაემატება და 7 აგვისტოს, 17:00 საათზე ქუთაისის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში “ვარლა” ერთობლივი ექსპოზიცია გაიხსნება.
8 აგვისტოს დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და მსურველებისთვის მასტერკლასების ჩატარება.
პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების მოსახლეობისთვის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.

















