თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი გივი ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. მას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. შემდეგ ის გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კაპრალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ნერვული სისტემის დაზიანება აღენიშნებოდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, 3 მარტის შემდეგ გივი ფანცულაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ.
„ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

















