ფესტივალი „არტ-გენი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს საზეიმოდ დაიხურება.
დღევანდელი ღონისძიებისთვის ფესტივალის
ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობენ.
17:00 საათზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ ერთი საუკუნის შემდეგ აღდგენილ ძველ ქართულ „ქალაქურ კრივს“ და ტრადიციულ „ლელობურთს“ გამართავს.
საღამოს კონცერტზე კი, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, ანსამბლი „ლაშარი", „საგალობელი" , ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი „კესანე" იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალს 22:00-ზე ფრანგული ჯგუფი „Speed Caravan“ დახურავს.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. წლევანდელმა ფესტივალმა სტარტი 3 ივლისს, კახეთში აიღო და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩაატარა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენი“ 21 ივლისიდან მიმდინარეობს.

















